დაპირისპირება რვა ოპოზიციურ პარტიაში

უთანხმოება რვა ოპოზიციურ პარტიას შორის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

თინა ბოკუჩავა რვა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს, მიიღონ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება. მიზეზი „ფედერალისტების“ ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე ადარესატების მიმართ უხამსი რეაგირება გახდა. „ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის „რვიანთან“ ურთიერთობის დასრულების შესახებ“, – წერს ბოკუჩავა.  შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს უხამსად, ადრესატების „ფეისბუქ“-გვერდების მთავარი ფოტოებით უპასუხა, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული. მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქით“ ბოდიში მოიხადა.

თავად თამარ ჩერგოლეიშვილი კი აცხადებს, რომ გაუგებარია რას ემსახურება თინა ბოკუჩავს მუქარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი – ერთი მხრივ, თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ, ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას“. „ნაცმოძრაობა“ დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში, ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). „ნაცმოძრაობა“ ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ შარზე იყო და წიხლებს იქნევდა. ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია, ვინ საიდან უნდა გაირიცხოს ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? ” წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემაც. „ ჩემთვის თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა ამ „რვიანს“, რომლის შექმნის მთავარი არსი რამენაირად ლაკას ერთდღიანი შიმშილობის „გაპრავება“ იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა (სხვათა შორის, ლაკას დამსახურებით), დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო (ნუ, მთლად ამ ფორმით არ ველოდი). ჩერგოსთან არანაირი კითხვა არ მაქვს და ლაკამ რაო?“ – წერს წითლიძე.