დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

15:17, 23.04.2026

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. რამდენიმე დღეა სოციალური ქსელები მწვავე ურთიერთბრალდებების და მოწოდებების ცენტრია. დილიდან მორიგი განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც ვკითხულობთ: „უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. საპასუხოდ, თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა განაცხდება, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, შეთანხმებასთან შემოერთება ისევე, როგორც შეთანხმებიდან გასვლა, არის ნებაყოფლობითი. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას არ გამორიცხავს. მათი თქმით, მათთვის ყველა პოლიტპატიმარზე თავდასხმა მიუღებელია, განსაკუთრებით, როცა საქმე მათ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება – პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით. დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ, „ალიანსი დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა ერთობას“.

მსგავსი