დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში
ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირება ღრმავდება.
კრიტიკას და მუქარის შემცველ გზავნილებს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო მწვავე განცხადებით უპასუხა. ალიანსის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაერთიანებას სამიზნის გასწორებისკენ, პრობლემებზე კონცენტრირებისკენ და მისი კომპლექსებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადების ერთ-ერთ მთავარ ადრესატად ალიანსის წევრი პარტია „ახალი“ იქცა, რომელიც სააკაშვილმა 2024 წელს ოპოზიციური ერთიანობის ჩაშლაში დაადანაშაულა და ხელისუფლებისგან მოსყიდული უწოდა. სააკაშვილის კრიტიკას და ოპოზიციის სტრატეგიით უკმაყოფილებას ცოტა ხნის წინ შექმნილი ალიანსის ყველა წევრი პოლიტიკური ძალა გაემიჯნა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ყოფილი მმართველი პარტია ალიანსის დატოვებასაც არ გამორიცხავს. ფაქტია, რომ ხელისუფლების ცვლილების სტრატეგიის გარშემო ერთობაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გამოგზავნილი წერილების შინაარსმა და თანმდევმა არანაკლებ მწვავე პასუხებმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
დაიწყება თუ არა მარტში ფორმირებულ ალიანსში რღვევის პროცესი – თათია ტაბეშაძე მხარეთა პოზიციებით.