დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში
ბუნდოვანია ოთხი თვის წინ დაფუძნებული ოპოზიციური ალიანსის სამომავლო პერსპექტივა. ერთობაში რომ დაძაბულობა, შიდა უთანხმოების გამო პასიურობა და ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემაა, ამას ალიანსის წევრი პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადებაც ადასტურებს. ნიკა გვარამია ცხრა პარტიისგან შემდგარ გაერთიანებას შეკრებისკენ და უახლოესი გეგმების განსაზღვრისკენ მოუწოდებს. ფაქტია, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ალიანსი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, გაურკვეველია ისიც, როგორ ესახებათ ერთობის წევრებს ურთიერთდაპირისპირების და მძიმე ბრალდებების ფონზე იმ მიზნების სისრულეში მოყვანა, რომლებიც ორი თვის წინანდელ აქციაზე დააანონსეს. სწორედ მაშინ გაჟღერებულმა გეგმებმა გაუჩინა უკმარისობის შეგრძნება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ალიანსს სამოქმედო სტრატეგია საჯაროდ გაუკრიტიკა, ერთობის წევრ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს კი მძიმე ბრალდებები წაუყენა. ამიტომ გასარკვევია ისიც, რჩება თუ არა ყოფილი მმართველი პარტია ალიანსში, რომლის წევრებმა სააკაშვილს და მის გუნდს საერთო წესების დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს.