დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები
მიხეილ სააკაშვილის მორიგი კრიტიკა და ბრალდება. „ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ ბევრი რამ გავუტარე, მათ შორის წლების განმავლობაში ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები. სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე“ – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, „მელია ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და სხვები“. სააკაშვილის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ბევრი ჩემი გაზრდილი უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადაში, ზოგი – მინისტრი, ზოგი – ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს. ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია. საქართველოში ჩემ მიერ დაფრთიანებულები მთელ მსოფლიოს მოედნენ“, – სააკაშვილი წერს ლადო გურგენიძის, დიმიტრი შაშკინის, ზურაბ ადეიშვილის, ვერა ქობალიას წარმატებაზე. ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა – არა, – წერს სააკაშვილი. საპასუხო განცხადებას ავრცელბს ნიკა მელიაც: „სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს და ღიად დაწეროს, რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია, რომ „ანონიმური“ მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა. ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი“ – აღნიშნავს მელია.