დაპირისპირება ოპოზიციაში – „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

15:01, 29.11.2026

„მძიმე პროვოკაცია და საპროტესტო საზოგადოების გათიშვა“ – ასე შეაფასეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირება. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის წევრებისგან პასუხს ითხოვს. მათი ადრესატი ამ შემთხვევაში ნიკა გვარმია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგი წერეთელი და ლევან ცუცქირიძე არიან – ანუ ყველა, ვისაც გუშინდელ აქციაზე მიეცა შესაძლებლობა სცენიდან მიემართა შეკრებილთათვის, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არც მიკროფონთან მიუშვეს და აქციაზე გამოტანილ სააკაშვილის მხარდამჭერ ბანერებს ანტიმიშა ბანერები დაუპირისპირეს. ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში ასევე ყოფილ თანაგუნდელებს, „ფედერალისტების“ ქმედებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ და ჩერგოლეიშვილის პარტიას მარგინალურ ჯგუფს უწოდებენ. თუმცა მათი თქმით, ეს გამიზნული პროვოკაცია იყო და ეს მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება.

 

ადრესატებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვას ლევან ცუცქირიძემ უპასუხა, რომელმაც ვრცელ პოსტში დაწერა, რომ „ალიანსის“ წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვით გამოსვლას გეგმავდა.

„თუკი ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, მას შეეძლო ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა. ყველამ კარგად იცოდა, რომ საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა მზადება და თუკი წინასწარ გვეცოდინებოდა, რომ ენმ-ს ან ნებისმიერ სხვა პარტიას, იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა საერთო საკოორდინაციო ფორმატში, აქციაზე გამოსვლის სურვილი ჰქონდა, აუცილებლად დავაყენებდით ამას განსახილველ საკითხად. უკვე დაგეგმილი და მიმდინარე აქციის დროს, სიტყვის მოთხოვნა ჩემთვის არაა მუშაობის მისაღები ფორმა და უსამართლო იქნებოდა სხვა მსურველების მიმართ. მეორე მხრივ, მე არ ვეთანხმები იმ პლაკატის შინაარსს, რომელიც აქციაზე იყო წარმოდგენილი“.- წერს ცუცქირიძე.

მას პოსტზევე უპასუხა ანა წითლიძემ და ფაქტს სიცრუე უწოდა. „ლევან მადლობა გამოხმაურებისთვის. როგორც ჩანს შენ ინფორმაცია არ გქონდა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს კი არა, ორი დღით ადრე გვქონდა ეგ კომუნიკაცია „ახლების“ წარმომადგენელთან და გიგი წერეთელთან, პასუხი აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე მივიღეთ – უარი. რა საოცარია, რომ თქვენ „ალიანსის“ წევრმა ამაზე არაფერი იცოდით, ანუ მანდ გადაწყვეტილებას ჩერგო იღებს ერთპიროვნულად?“ – უპასუხა წითლიძემ ლევან ცუცქირიძეს.

მსგავსი