აქცია რუსთაველზე ოპოზიციის დაპირისპირებით დასრულდა
დათქმულ დროზე გაცილებით გვიან დაწყებული აქცია და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება: თითქმის თვე-ნახევრიანი მზადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, გუშინ, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ორგანიზებული აქცია ხმაურის და მცირე ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა მსვლელობა სამი ლოკაციიდან მოაწყვეს. ოპოზიციური ალიანსი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. შეკრების საბოლოო ადგილი კი, თავისუფლების მოედანი იყო, სადაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სცენაზეც არ აუშვეს. აქტივისტებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერებიც. მათ შორის ტრადიციულად, ისევ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი პოსტერები და სააკაშვილის გამოსახულებით დროშები იყო წარმოდგენილი. სწორედ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენა გახდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მხარდამჭერებს, „ფედერალისტებსა“ და აქციის სხვა მონაწილეებს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების საწინააღმდეგო ბანერები გამოიტანა სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული წარწერით: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ – სწორედ ეს ბანერი გახდა დაპირისპირების მიზეზი თავისუფლების მოედანზე, საბოლოოდ აქცია შეკრებიდან რამდენიმე საათში დაიშალა. შეგახსენებთ, გუშინდელი საპროტესტო აქცია მიეძღვნა ორი წლის გასვლას ხელისუფლების გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო, პერმანენტული აქციების დაწყება მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.