დაპირისპირება ოპოზიციაში და ცვლილებები ენმ-ში 

რჩებიან თუ არა ოპოზიციურ ალიანსში – მძიმე თავდასხმების შემდეგ გაერთიანების წევრები „ნაციონალური მოძრაობისგან“ პასუხს ელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის პარტია სამი თვის წინ შექმნილი გაერთიანებიდან გასვლას ჯერ არ ჩქარობს, თუმცა მათ ყოფნას ფორმალობად და საერთო წესების დარღვევად მიიჩნევენ დანარჩენი წევრები. ალიანსში ღიად ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობის საქმიანობაში ჩართული არ არის. ფაქტია, რომ ალიანსში ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიაზე პოზიციები იმდენად გაყოფილია, რომ ურთიერთბრალდებებმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა, შიდა დაპირისპირება კი ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ალიანსის ხედვებით და გეგმებით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა მთავარი ამოცანა საკუთარი პარტიის განახლება და რადიკალური ცვლილებებია – მის ბოლოდროინდელ ყველა გზავნილში სწორედ პარტიული გაძლიერების და არა ალიანსის ერთიანი ბრძოლის სულისკვეთება იკითხება. როგორც ჩანს, დაწყებულია ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესიც – განახლების პროცესი ივლისში დაგეგმილ ყრილობაზე უნდა დასრულდეს.