დაპირისპირება ოპოზიციაში
„ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილ თანამოაზრეებს დღის მეორე ნახევარში სოციალური ქსელით უპასუხეს კითხვების ადრესატებმა.
ნიკა გვარამია წერს:„არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი – ის, რომ გუშინდელი აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება – ამაზე უარესი არაფერია.
სულელური „პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, – აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია და აღნიშნავს, რომ მისი პარტია „ახალი“, მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურება.
გუნდურ მოთამაშეებს და ლიდერებს კი, მისი აზრით, არ აქვთ უფლება ავტონომია გამოაცხადონ და „ეგოისტურად იყელყელაონ“ საკუთარი პოზიციით.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვას უპასუხა ლევან ცუცქირიძემაც, რომელმაც ვრცელ პოსტში დაწერა, რომ ალიანსის წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვით გამოსვლას გეგმავდა თუ არა.
„თუკი ენმ-ს სურდა სიტყვით გამოსვლა, მას შეეძლო ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის წინასწარაც ეთქვა.
უკვე დაგეგმილი და მიმდინარე აქციის დროს, სიტყვის მოთხოვნა ჩემთვის არაა მუშაობის მისაღები ფორმა და უსამართლო იქნებოდა სხვა მსურველების მიმართ. მეორე მხრივ, მე არ ვეთანხმები იმ პლაკატის შინაარსს, რომელიც აქციაზე იყო წარმოდგენილი“.- წერს ცუცქირიძე.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ კი მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა” და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა „გაუგებრობაში ჩაითრია“.
როგორც პარტიაში განმარტავენ, მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს.
აქციაზე მომხდარით გაოგნებულია „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენება. ხოშტარია მიიჩნევს, რომ გუშინდელზე დიდი შეცდომა იქნება თუკი კოალიციაში შემავალი პარტიები მომხდარზე „პასუხისმგებლობას არ აიღებენ”. პარტნიორები კი ამის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.
პასუხებით ისევ უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე, რომელიც ზოგადი განმარტებების ნაცვლად კონკრეტიკას ითხოვს.
წითლიძე წერს: „არ გვჭირდება „პროსტინა პოსტები“ და ზოგადი განმარტებები. კონკრეტულად გვიპასუხეთ: თუ ალიანსის მინიმუმ ორმა წევრმა პარტიამ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ უნდა გაეშვათ? ვინ გადაწყვიტა ეს ალიანსის სახელით და რა უფლებამოსილებით? საკითხი მარტივია — პასუხს ველოდებით. ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ.
ეგ ჩერგო დაგღუპავთ ბოლოს”, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.