დაპირისპირება ოპოზიციაში
აქციაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ფოტოების ერთად გამოჩენის შემდეგ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ფედერალისტებს“ შორის თავისუფლების მოედანზე დაწყებული დაპირისპირება, მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გაგრძელდა და ტრადიციულად, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
„ანუ, გიგი წერეთელს სუტინიორს ეძახდა, გვარამიას კანალიზაციას და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუტიონიორის და კანალიზაციის გვერდით იდგა სცენაზე?“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
წითლიძის თქმით, მას აინტერესებს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარი ეთქვათ სიტყვით გამოსვლაზე.
„ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩერგო ხომ იცით, არაადეკვატური და გიჟიაო, ამას ამბობენ ბანერის პასუხად ალიანსის წევრები. კარგი ჩერგო თუ გიჟია და არაადეკვატური, მაშინ თქვენ, დალაგებულებმა საჯაროდ გვიპასუხეთ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება სახალხო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვით არ გამოეყვანა? მხოლოდ ჩერგომ თუ ყველამ ერთად?! ბანერის შინაარსს თუ არ ეთანხმებით, საჯაროდ რატომ არ გმობთ და ჩუმად რატომ ხართ? მოსთხოვეთ ჩერგოს ამაზე პასუხი? გიგი წერეთელს რითაც აკომპლექსებს ვიცით, სუტინიორს რომ ეძახის, წერეთელს ეშინია, მაგრამ თქვენ რა გჭირთ? ჩერგოს ჰყავხართ მძევლად?“ – წერს წითლიძე.
სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ბანერი გამოაქვეყნა პეტრე ცისკარიშვილმაც: „ნაძირალა, მავნებელი, წარსულის კომპლექსებით შეპყრობილი ხის-თავიანების შედევრი“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, მათ კი „ფედერალისტების“ ლიდერი პასუხობს: „როგორც დაგპირდით, ჩვენი გზავნილის დისციპლინა დაცულია – ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“- ამ სათაურით კი სტატუსი „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გამოაქვეყნა.
მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი დაწერა -„ცოტა ვერ გავიგე, სიტყვის თავისუფლებაა და ამიტომ გაფხატავთ სააკაშვილიან ანკესებს თავზეო, ხომ გაიძახით? ზუსტად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში წავიდა ახირებული ავტოკრატების დრო – ბიძინას და მიშას დრო. და ასევე, უდიდესი მადლობა, რომ ღაწვებს იხოკავთ და გვეხმარებით იმ გზავნილის გავრცელებაში, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა – მერწმუნეთ, მუსიკასავით ესმის ასობით ათას ადამიანს ყურებში“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელებში მიმდინარე დაპირისპირებაში ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც „ფედერალისტების“ მოქმედ და სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს, გიგა ბოკერიას სხვადასხვა დანაშაულებში ღიად სდებს ბრალს, ამჟამად კი, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაზე მიანიშნებს.
„მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით), თავდაცვა და შეიარაღებული ძალები, ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები, საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების დაზვერვის გეგმის მომზადება, საგარეო უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა. არა-ოფიციალურად კი: მედიის კონტროლი, ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც. ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან ხუთ კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა “- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.