დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ძალადობასა და გუშინდელი ფაქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრიფინგი გაიმართა, სადაც იმ ადამიანების სია გამოაქვეყნეს, ვინც, მათი მტკიცებით, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ოფისი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა დაარბიეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი ჭეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კონტრაქციაში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები შემთხვევით მოხვდნენ, ვინაიდან სამუშაო საათები დასრულებული იყო.

მისი განცხადებით, მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს, ის აგრესია და მოქმედებებია, რომელიც თავდაპირველად ოპოზიციის წევრებმა განახორციელეს როდესაც მათ ოფისთან მივიდნენ და პარტიის ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს.