გასხვავებული ხედვები სამოქმედო ტაქტიკის გარშემო და შიდა მზარდი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ლიდერების განცხადებები პარტიის შიგნით არსებულ მწვავე კრიზისზე მიუთითებს. მოახლოებულმა ყრილობამ და თავმჯდომარის არჩევნებმა კი ეს პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ირკვევა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორიც „ოპოზიური ალიანსში“ გაწევრიანებაა, გუნდის შიგნით თავის დროზე პოზიციები გაიყო. ალიანსის წევრობას ეწინააღმდეგებოდა მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომელსაც მალე დიდი ალბათობით ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლებს და რომლის ორწლიანი ხელმძღვანელობის მიმართ პარტიის წევრთა ნაწილი ირიბად უკმაყოფილებას ვერ მალავს. ბოკუჩავას მიმართ ღიად კრიტიკას ერიდება, თუმცა პარტიის ბოლოდროინდელი ნაბიჯებით და პოზიციონირებით უკმაყოფილოა ჟორჟოლიანიც, რომელიც თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის არჩევანია. ირკვევა ისიც, რომ გუნდში ყოფილი პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პირველი საჯარო განცხადებებიც არ მოიწონეს. პარტიის ძირეულ განახლებაზე გააქტიურებული საუბრების პარალელურად სააკაშვილი დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკასაც არ წყვეტს. „ახლებთან“ ერთად ამჯერად თავდასხმის სამიზნე „ლელოა“.