დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას საპარლამენტო სიებისა და გუნდის განახლების შესახებ, პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციურ პარტიის ნაწილი ექს პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ რადიკალური ცვლილებისათვის პროცესში მეტი ახალი სახე უნდა ჩაერთოს. საკუთარი გეგმები აქვს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელმაც სააკაშვილს გუშინ კრიტიკული ფეისბუქ-პოსტით უპასუხა, დღეს კი ჟურნალისტებთან კომენტირებისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას საარჩევნო სიების ახალი სახეებით დაკომპლექტების შესახებ, მელია აცხადებს, რომ თითოეული დეპუტატი მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.