დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს დიდი ალბათობით დროებით შეწყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ბოიკოტის გადახედვა კატეგორიულად გამორიცხა, ორი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება მაინც კორექტირდება. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას გუნდის შიგნით ახლაც არაერთი ლიდერი ეწინააღმდეგება. მათი პოზიციაა, რომ ბოიკოტი არა კონკრეტული კანონპროექტის გამო და ერთჯერადად, არამედ საერთოდ უნდა შეწყდეს, თუმცა ხაბეიშვილის გუნდი ამ პოზიციას არ ეთანხმება. ამიტომ საწინააღმდეგო ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ანონსდება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის არათანმიმდევრული ნაბიჯები გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვისაც, რომელიც სწორედ ბოიკოტის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, რომან გოცირიძის მსგავსად „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა წევრების წასვლასაც ელოდება. ცალკეული ოპოზიციური ძალების აზრით, პარტია საპარლამენტო მუშაობაში ჩართვის საბაბს ეძებს.