დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნების მთავარ მიზნად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ცხადდება. თუმცა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს მიზნის მისაღწევად ერთმანეთისგან გასხვავებული ხედვები აქვთ.

ლევან ხაბეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებს. გეგმას დუმილით პასუხობს მოქმედი თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიაში ჩართული ნიკა მელია. თანაპარტიელების ნაწილმა კი ხაბეიშვილის ინიციატივა დროულად არ მიიჩნია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, შაბათს დაგეგმილ აქციაზე მივლენ თუ არა პარტიის სხვა ლიდერები. ორ ბანაკად დაყოფილ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული უთანხმოება, რომელიც მელიას მხრიდან დავით კეზერაშვილის კრიტიკით დაიწყო, პარტიას გასცდა და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრიც მოიცვა.