დაპირისპირება ენმ-ში და ახალი ალიანსის შექმნის მცდელობა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა განხეთქილება ყოველდღიურად ღრმავდება.

პარტიის ახალი მენეჯმენტი ყოფილი თავმჯდომარის მწვავე კრიტიკას აღარ ერიდება. ამჯერად ერთმანეთს საჯაროდ პეტრე ცისკარიშვილი და ნიკა მელია უპირისპირდებიან. ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენელი მელიას პარტიაზე თავდასხმებში ადანაშაულებს და მის ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს. ამ ფონზე პოლიტიკური ძალა, როგორც ჩანს, ძველ თანაგუნდელებთან თანამშრომლობის აღდგენას განიხილავს. ირკვევა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის და ამ პარტიიდან წლების წინ წასული გიორგი ვაშაძის გზები წინასაარჩევნოდ შესაძლოა ისევ გადაიკვეთოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან კონსულტაციებს ადასტურებენ. მინიშნებითი განცხადებები კეთდება პრემიერობის კანდიდატად სწორედ ვაშაძის დასახელებაზე. თავის დროზე პარტიასთან თანამშრომლობისკენ და მის გარშემო წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ ხაბეიშვილის მოწოდება მხოლოდ ვაშაძის პოლიტიკური ძალისთვის აღმოჩნდა მისაღები. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ადასტურებენ, რომ ახალი ოპოზიციური კოალიციის შექმნის მიზნით კონსულტაციები უკვე დაიწყო.