დაპირისპირება ეჩმიაძინში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში, ეჩმიაძინში შევიდნენ. სომხური მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპატრიარქოში სპეციალურ ღონისძიებებს ატარებენ. ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე ასევე დიდი რაოდენობით პოლიციის ძალებია მობილიზებული და სიტუაცია კვლავ დაძაბულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მთავარეპისკოპოსი ეჩმიაძინში იმყოფება. შირაკის ეპარქიის წინამძღვარი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა დამალვას არ აპირებს. სომხეთის კთოლიკოსი გარეგინ მეორე აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყნისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.