დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები სულ უფრო მძიმე ფორმას იღებს.
ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავარი აქტორები „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ ლიდერები არიან. ბრალდებები ხელისუფლებასთან გარიგებას, სოლიდური თანხების დაფინანსებასა და ოპოზიციური ერთობის მიზანმიმართულად ჩაშლას ეხება. მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ განცხადებებს არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები ჩამორჩნენ. მმართველ გუნდთან გარიგებაში დადანაშაულების საპასუხოდ ნიკა გვარამია ახსნა-განმარტებების რეჟიმშია და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ბრალდებები ხელისუფლებასთან ნიკა გილაურის შუამავლობასა და წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღების შესახებ ცილისწამებაა. მეტიც, „ახალის“ ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ყოფილ თანაგუნდელებს „ქართული ოცნების“ მიერ მართულ კამპანიაში მონაწილეობაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ნიკა გილაურის გამოჩენის ინიციატორი თავის დროზე სწორედ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. მსგავს გზავნილებს კონკრეტული დოკუმენტების გასაჯაროების მუქარით პასუხობენ ყოფილი მმართველი პარტიიდან და გვარამიას კიდევ ერთხელ ახსენებენ საკუთარ ხელფასსაც. დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებული მოვლენებია.
რატომ ვერ შედგა მაშინ ოპოზიციური ერთობა – ერთ დროს ერთი გუნდის წევრებს ამ კითხვაზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები აქვთ.