ათეულობით დაშავებული და დაკავებული – კალიფორნიის შტატი დაპირისპირების ეპიცენტრია.
საიმიგრაციო რეიდების დაწყების შემდეგ ლოს ანჯელესი მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. სიტუაცია მძიმეა სან ფრანცისკოში, პარამაუნტსა და კომპტონში. ვითარება ბოლომდე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განთავსებამაც ვერ განმუხტა. სამართალდამცავების გარდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და გვარდიის წარმომადგენლებს შორისაც მოხდა. არეულობის მიზეზი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას და საიმიგრაციო სამსახურის მხრიდან უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებაა. სადეპორტაციო ოპერაციებს მოსახლეობის ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა. შექმნილმა სიტუაციამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც გამოიწვია. კალიფორნიის შტატის გუბერნატორი ამერიკის პრეზიდენტს კრიზისის გამწვავებაში და შეუთანხმებელ მოქმედებებში ადანაშაულებს. გუბერნატორი ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.