დაპირისპირება ბოიკოტის მომხრე ოპოზიციაში 

რა ბედი ეწევა „რვიანს“ და დაიწყება თუ არა რღვევის პროცესი.

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალების ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ ამჯერად „ფედერალისტების“ ლიდერის ქცევამ დააყენა. თამარ ჩერგოლეიშვილმა მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ ცილისმწამებლურ კომენტარებს ბავშვების ფოტოებით უპასუხა. ბოდიშის მოხდა რვიანის ფორმატში გაერთიანებული ძალების ნაწილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფაქტს ყველაზე მწვავე რეაქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოჰყვა, რომლის თავმჯდომარემ ერთობის დანარჩენ წევრებს „ფედერალისტებთან“ თანამშრომლობის გაწყვეტისკენ მოუწოდა. კრიტიკა არც ყოფილ მმართველ პარტიას მოჰკლებია, რომელიც შემთხვევის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და პარტიაში არსებულ კრიზისზე მიუთითეს. გუშინდელმა სკანდალმა ოპოზიციურ ფლანგზე არსებული უთანხმოება და დაპირისპირება კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა.