DANONE-მა პროდუქციის პარტიები ბაზრიდან გამოითხოვა
ბავშვთა კვების მწარმოებელმა კომპანია „დანონმა“ საკუთარი პროდუქციის კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოითხოვა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვნა განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას. განცხადებაში ვკითხულობთ: „2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ ბავშვთა კვებისთვის დააწესა ცერეულიდის დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი შემდგომი რეაგირების მიზნით სურსათი დაილუქება. ცერეულიდი არის ტოქსინი, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.