დანიგანის განცხადება - შეფასება
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. ამის შესახებ რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ელჩის განცხადებით, სანამ ამერიკული მხარე საპასუხო წერილზე ფიქრობდა, გამოქვეყნდა ღია წერილი და ამის შემდგომ შეხვდა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსგან ჰქონდა პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის, თუმცა, რობინ დანიგანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უარი მიიღო. რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია მასთან შეხვედრა“.
რობინ დანიგანის განცხადებას არასაჯარო წერილთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“, უმრავლესობის წევრების თქმით, საზოგადოება ასეთ წერილს არ იცნობს და რაზე საუბრობს დანიგანი, მათთვის გაუგებარია.