დამშვიდობება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან – გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟი
საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობა. გლოვის მეხუთე დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო, ქვეყანამ დაკრძალა პატრიარქი, სიყვარულის დაუღალავი მქადაგებელი, რომელმაც სინოდის უხუცესი წევრის თქმით, აღსაყდრების დღიდან ქართველი ერის სიძლიერის გამოღვიძება დაისახა მიზნად. ამას შეალია პატრიარქობის 49 წელი და სათნოებათა საფეხურებით გაიარა სამოციქულო გზა. ასობით ათასი ადამიანი დაემშვიდობა დღეს პატრიარქს, ცოცხალი ჯაჭვით, საქართველოს დროშებით, სანთლებითა და ყვავილებით მიაცილეს უწმინდესი სამების საკათედრო ტაძრიდან სამუდამო განსასვენებლამდე. ხალხი სიონთან დილიდან ელოდა სულიერ წინამძღვართან გამოთხოვებას, ისმოდა შეძახილები, „გვიყვარხარ პატრიარქო!“ მდუმარება რამდენჯერმე ტაშითც დაირღვა. ემოციური იყო სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრისა და მღვდელმთავრების გამოსამშვიდობებელი სიტყვები, სინოდის სახელით უწმინდესს უკანასკნენელად მიმართა უხუცესმა წევრმა, მანგლისისა და თერთიწყაროს მიტროპოლიტმა, ილია მეორის მოღვაწეობას სამოციქულო გზა უწოდა – დღეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი პარტიარქმა გააერთიანა“.