საყოველთაო თაყვანისცემის გამოხატულება, დაშვებული დროშები, სამგლოვიარო ზარები და სამოქალაქო პანაშვიდი პატრიარქის მირ დაწერილი საგალობლების ფონზე – ხალხი ემშვიდობება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, რომელმაც 49 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა საკუთარი ჯვარი და თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრევლს სიბრძნის, ერთგულების, ზრუნვის, სიკეთის, სიყვარულის და სულიერ ფასეულობათა დაცვის მაგალითი მისცა. ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. ხალხის ნაკადი არ წყდება ღამის საათებშიც. ხალხმრავლობისა და რიგების გამო მოქალაქეთა ნაწილმა მთელი ღამე გაათენა. სამგლოვიარო პროცესიის მასშტაბმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უდიდესი სიყვარული, ნდობა, პატივისცემა და მოწიწება, რაც ერს სულიერი მამისადმი აქვს. სიხარულშიც და განსაცდელის დროსაც ის იყო ყველასთვის დიდი იმედის და ნუგეშის მიმცემი. „პატრიარქო, გვიყვარხარ“ – ეს ორი სიტყვა არღვევს დროდადრო მდუმარებას, რომელმაც ქვეყანა ბოლო დღეებში მოიცვა.