პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოდიან. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ტრანსპორტირებას ბათუმის, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. მსურველების ნაწილი დედაქალაქში წუხელ გვიან ღამით, ნაწილი კი დღეს დილით გამოემგზავრა.
კახეთში კი მრევლი ღვთისმშობლის ეკლესიასთან და თელავის თეატრთან შეიკრიბა. სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების კოლონა თბილისისკენ დილიდან დაიძრა. ასობით მოქალაქე თბილისისკენ მოემართება ფოთიდანაც. მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დილიდან დაიწყო და უფასოდ ემსახურება ყველა მსურველს, რომელსაც პატრიარქთან გამომშვიდობება უნდა. დედაქალაქში ჩამოსვლისა და სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების მსურველები შეიკრიბნენ ქუთაისშიც. წალენჯიხიდან კი თბილისში სასულიერო პირები და მრევლი ერთად გამოემგზავრა. დამატებითი რეისები დანიშნა საქართველოს რკინიგზამ ფოთიდან და ზუგდიდიდან.