დამშვიდობება ნუნუ დუღაშვილთან

15:19, 08.11.2026

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი დღეს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი, დილიდან, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში მივიდნენ და კომპოზიტორის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმაც.

ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1959-1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი. მისი ცნობილი სიმღერებია: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.

2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.

მსგავსი