საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გრძელდება – ამჯერად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს არგენტინის, კუბისა და ფინეთის რესპუბლიკებში. ბუენოს-აირესში, კულტურულ ცენტრში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და არგენტინის ჰიმნები. საზეიმო მიღება გაიმართა კუბის დედაქალაქ ჰავანაშიც. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გაიმართა ქართული და კუბური მუსიკის კონცერტი, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
ქართული ჰიმნი გაჟღერდა ჰელსინკის დიდგვაროვანთა სასახლეშიც. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საღამო მუსიკალურად ქართველმა სტუდენტებმა გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ფინეთში ალკოჰოლის იმპორტიორი წამყვანი კომპანიებისა და სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.