დამოუკიდებლობის დღე - მილოცვები

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უკვე დაიწყეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნიუ იორკში, გაერო-ს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა მიღება. შესრულდა ქართული სიმღერები. საზეიმო ღონისძიება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც. შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში კი ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი შედგა. მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანია edelweiss-ისა და easyJet-ის პირდაპირი ფრენის ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით.

საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთში, ქ. სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ყველაზე დიდი და ისტორიული ციხესიმაგრე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში განათდა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.