დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის 10 პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მასში ჩართულია 25 000-ზე მეტი მაშველი, ასობით სპეცტექნიკა და ათასობით სამშენებლო აღჭურვილობა. თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებიდან 8000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიამ სულ მცირე 5 775 შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ამ ეტაპზე თავშესაფარშია გადაყვანილი 380 500-მდე დაზარალებული.

სირიაში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე. თუმცა, შიშობენ, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ყველაზე მეტი, 1500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი. მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები გააჩნია, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული.