დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 

ათასობით გარდაცვლილი და დაშავებული და მიწასთან გასწორებული მრავალსართულიანი შენობები – დღეს დილით ადგილობრივი დროით, 4:17-ზე მომხდარ 8,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში უმძიმესი შედეგები მოჰყვა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც 10-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია იმ მოქალაქეთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში არიან მოყოლილი. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ძლიერი ბიძგები მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა და მათი სიმძლავრე საშუალოდ 7 ბალზე მეტი იყო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 10 ათასამდე თანამშრომელია ჩართული. სტიქიის შედეგებს ებრძვიან სირიაშიც, სადაც დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. დაზარალებულ ქვეყნებს თანადგომას უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ მეგობარი სახელმწიფოები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თურქეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად უკვე გაემგზავრა შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა.