დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თითქმის რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი მასშტაბურია. 10 დაზარალებულ ქალაქში ნანგრევების ქვეშ მყოფი მოქალაქეების გადარჩენას 80 000-მდე მაშველი ცდილობს. 50 000-ზე მეტი ადამიანი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საველე ჰოსპიტლებში მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში სტიქიამ 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. სახლ-კარის გარეშე დარჩენილებს ხელისუფლება ერთი წლის ვადაში საცხოვრებლებით უზრუნველყოფას ჰპირდება.

უმძიმესი სურათია თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანა სამაშველო ტექნიკის და სპეციალისტების ნაკლებობის გამო კიდევ უფრო რთულდება. 12-წლიანი ომით დაზარალებულ სირიაში მიწისძვრას 2600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციები საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ. სირიის ხელისუფლება კი დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართავს.