დახმარება დევნილებისთვის – განაცხადების მიღება იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ზუსტად ორ დღეში, ორშაბათს დაიწყება და ორი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს: განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი. არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს.
პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამებიც.