4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაკავებული ორგანიზატორები, რომლებიც დიღმის სამმართველოში არიან მოთავსებული, ადვოკატებმა მოინახულეს. ირაკლი ნადირაძის უფლებადამცველმა დიღმის სამმართველო უკვე დატოვა და დაკავებულის პოზიციაც გააჟღერა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება მისთვის პატივია. თავად ადვოკატი კი, აღნიშნულ საქმეში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. რაც შეეხება ზოდელავასა და მანჯაგალაძის ადვოკატ ბექა ბასილაიას, მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ამასთან ცნობილია, რომ პაატა ბურჭულაძის ინტერესებს ადვოკატი ლევან ყველაშვილი დაიცავს, რომელმაც დაკავებული გამთენიისას მოინახულა. დიღმის სამმართველოსთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.