დაკავებული ჟურნალისტის ვიდეოკადრები - საერთაშორისო გამოხმაურება

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეოკადრები გაავრცელა. ჩანაწერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაღებული. კადრებში პროტასევიჩი ამბობს, რომ მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონის ფარგლებში ეპყრობიან“. ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას და მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას განაგრძობს. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. ბელარუსი ოპოზიციონერები კი აღნიშნავენ, რომ ვიდეოჩანაწერში პროტასევიჩს შუბლის არეში დაზიანებების კვალი ეტყობა. აღსანიშნავია, რომ რომან პროტასევიჩის ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბელარუსული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, 23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. რის შემდეგად, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი დააკავეს.

ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგად, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას. საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის თავზე ფრენისგან. ასევე, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვასა და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს. ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტიც შეაჩერა. „რეინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმას და ჟურნალისტის დაკავებას „შოკისმომგვრელ ქმედებას“ უწოდებს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს თეთრი სახლი. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი მინსკის წინააღმდეგ ზომებს აამოქმედებს.