პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი ლომიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ლომიძე სხდომაზე გამოცხადებაზე და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა. ამასთან, ოქმში მითითებული იყო, რომ ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. სხდომა 14 თებერვლამდე გადაიდო. ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.