დაკავებულების სასამართლო პროცესი

პარალელურად, მიმდინარეობს დაკავებულების სასამართლო პროცესები. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და პლატფორმა ჰოლონის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ირაკლი წულაიას ადმინისტრაციული სახდელი 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. წულაიას პოლიცია ედავებოდა, რომ არ დაემორჩილა შსს-ს მოწოდებას, რუსთაველის დატოვებასთან დაკავშირებით. წულაიას განცხადებით, აქციაზე ახალი მისული იყო 29 ნოემბრის ღამეს და არანაირი მოწოდება არ გაუგია. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პირიქით, საუბრობს სპეცრაზმელების მხრიდან მასზე თავდასხმის დეტალებზე. წულაიას განცხადებით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, აქციაზე ძმასთან ერთად მშვიდობიანად იმყოფებოდა, რა დროსაც მას და მის ძმას რამდენიმე სპეცრაზმელი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წულაიას სახეზე ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნება. მისი თქმით, მოსამართლეს წარუდგინეს მისი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები, თუმცა არ დაინტერესდა არც ვიდეომასალით და არც დაზიანებებით და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო შსს-ს მიერ წარდგენილ იმ კადრებს, სადაც ის საერთოდ არ ჩანდა, ასევე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს. წულაიას ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მოსამართლე ცეკვავას გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. წულაიასთან ერთად, მოსამართლე ცეკვავამ კიდევ ერთი პირის, აქტივისტ ირაკლი დიასამიძის ადმინისტრაციული საქმე განიხილა და მას 4500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა. დაუმორჩილებლობის გარდა, მას წვრილმან ხულიგნობასაც ედავებიან. დიასამიძესაც სახეზე ფიზიკური დაზიანებების კვალი აღინიშნება, მისი განცხადებით, 29 ნოემბრის ღამეს სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს, ჯგუფურად თავს დაესხნენ და სცემეს იმ დროს, როდესაც მისი თქმით, საფრთხეს არ წარმოადგენდა. ორივე პირმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. დღესვე, სასამართლოში სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვაც იგეგმება.