დაკავებულების სასამართლო პროცესი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს უფლებადამცველები აპროტესტებენ. მათი უმეტესობა გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. საუბარია პარლამენტის მიმდებარედ დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილება ტენდენციურია და რიგ შემთხვევაში მათ ყველა წინაპირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ დაკავებულთა ნაწილის შემთხვევაში სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ. აღნიშნულ შემთხვევებში კი დაკავებულთა ნაწილს 2000-დან 3000 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრათ, ნაწილს 7-დან 10 დღემდე პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთი პირი მოსამართლემ შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. დაკავებულთა შორის, პოეტის ზვიად რატიანის სასამართლოს სხდომაც გაიმართა, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ჩატარდა „ისფედის“ მკვლევრის, შოთა ნარსიას სასამართლო პროცესიც, მას 2800 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს. შოთა ნარსიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.