დაკავებები 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე
4 ოქტომბრის რეზონანსულ საქმეზე დაკავებულთა წრე გაფართოვდა. აყვანილია კიდევ 16 პირი, რაც ნიშნავს, რომ 4 ოქტომბრიდან დღემდე დაკავებულების რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები. ზოგს პოლიციელებზე ძალადობას, ნაწილს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას, ნაწილს კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან. დაკავებულების ადვოკატთა ნაწილი ამბობს, რომ დაკავების სპეცოპერაცია სპეცრაზმის მონაწილეობით და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უფლებების დარღვევით ჩატარდა. 4 ოქტომბრის საქმეში ჩნდება კიდევ ერთი ფიგურანტი – ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილ უფროსზე, ირაკლი შაიშმელაშვილზე, რომელიც ქვეყნიდან წასულია. მის მიმართ სწორედ ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.