საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ, ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ათასობით ერთეული სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული პროდუქტი და პროდუქციის შეფუთვისა და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.