სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავა. ის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში იკავებდა. საქმე ეხება 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტს. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულები არიან სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი. ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 333 728 ლარი გაიფლანგა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. შედეგად, ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განხორციელდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა და გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.