სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი. პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.
მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.