დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. ლაშა ცანავას თაღლითობას ედავებიან.
გამოძიება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რისთვისაც მოთხოვნილი თანხის ნაწილი აიღო. საუბარია 5 600 დოლარზე. სუს-ი ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ფარულად მოპოვებულ აუდიო და ვიდეომასალებს ასახელებს, რაც უკვე გასაჯაროვდა. ცანავას დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით ხსნის მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. ყოფილი მმართველი პარტია თავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სამიზნედ აცხადებს. განსაკუთრებით მწვავე იყო შეფასებებში ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ცანავასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.