პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების ცნობით ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა. ისინი უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა, ავარია კი გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. მოქალაქეების თანხმობის შემდეგ კი თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებთან კურიერის სტატუსით მიდიოდნენ და ეუფლებოდნენ მათ თანხას. ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 53 მოქალაქის კუთვნილ მილიონ ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.