დაკავება თაღლითობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს. ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას ახდენდნენ, შემდეგ კი – ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდნენ. მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ. საქართველოს პროკურატურამ ორ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.