დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან
ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მათ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში შეინახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.