დაკავება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით

21:36, 28.07.2026

„ქურდული სამყაროს“ წევრობა, მხარდაჭერა, ქურდული გარჩევები და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. 29 მათგანი დაკავებულია, ოთხი პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი მამუკა ჩხაბერიძე. გამოძიების ცნობით, სწორედ ჩხაბერიძეს უკავშირდებოდნენ დაკავებულები და ფინანსური დავების მოსაგვარებლად ქურდულ გარჩევებს მისი მითითებით აწყობდნენ. ფინანსური სარგებლის არ მიღების შემთვევაში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებულია დანაშაულის დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს, მხოლოდ მიმდინარე წელს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით უკვე 343 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი