საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ოთხ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ მონაწილეობდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები. პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა.