შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებულმა მოქალაქემ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, უკანონო ქმედების, კერძოდ – სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.