დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს. მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მას ბრალდება უკვე წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.