პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის არგუმენტით გუშინ ღამით დააკავეს. საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ ჩახუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ბრალდებით აიყვანეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლი მარტომ დატოვა და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
დაკავებულის მეუღლის, ეკა კვირკველიას თქმით, დაკავებამდე კოტე ჩახუნაშვილი დაბარებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით და მას ხელის მოწერას სთხოვდნენ საქმეზე, რომლის შინაარსზე დაკავებულის მეუღლის თქმითვე, ჩახუნაშვილს არაფერს ეუბნებოდნენ და მისთვის მხოლოდ საქმის ნომერი იყო ცნობილი. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, ჩახუნაშვილი აცხადებდა, რომ არ მიიღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას და დაიკითხებოდა მაგისტრანტ მოსამართლესთან ადვოკატის თანხლებით.